
წიგნის მაღაზიისთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი, ალბათ, ,,თბილისი ცენტრალია". არ არსებობს ჩავუარო. მაშინაც კი , მხოლოდ გზის ფული რომ მიჭყავის. ,,გეყოფა ღორობა, წადი სახლში" მითქვამს თავისთვის, მაგრამ კარამდე ვერ მისულა ჩემი პრინციპულობა. გვერდითა ,,ზუმერდან" მომიბრუნებია ბორბლებიანი ჩემოდანი და შევგრიხინებულვარ ,,ბიბლუსში". ახლა რას ვეძახი ღორობას- ხანდახან ბოლო ფულით(რომელიც რატომღაც ყოველთვის უსიკვდილოდ მჭირდება) მიყიდია და მერე არ წამიკითხავს. გამომიმწყვდევია კარადაში მომავალში მოცლილი დღეების შესავსებად. მაგრამ ეს დღეებიც არ დგება . ხანაც უფრო მნიშვნელოვანი რამ გამოვარდება. ვთქვათ, შორეული ნათესავი გადაწყვეტს ლეთას გადალახვას და საორგანიზაციო-ფინანსური საკითხები მთლიანად ჩემი მოსაგვარებელი ხდება. ან მეგობრებთან ერთად უნდა გავვარდე საეჭვო პიცას დასაგემვნებლად, ან ზღვაზე უნდა დავიხრუკო თავი, ან რამე უნდა მოხდეს, არასაჰამაკო ამბავი. ჰოდა, ბოლო კაპიკებად ნაყიდი წიგნები მრჩება წაუკითხავი. მაგრამ გულგრილად მაინც ვერ ჩავუვლი ბიბლუსს ვერც ცენტრალში და ვერც სხვაგან. ასე შემომეყიდა ლაშა ბუღაძის ,,პატარა ქვეყანა" . მართალი გითხრათ, დიდად არ მიყვარს, როგორც მწერალი. მთხრობელი უფრო საინტერესოა. ჟესტიკულაცია, ხმა, ამბავი - ცოტათი ექცენტრიკული და დიდად ექსპრესიული მთხრობელია. მაგრამ წერისას მთელი ექსპრესიულობა იკარგება(ან მე მეჩვენება ასე) და არ თავდება და არ თავდება პატარა ამბავიც კი. მოკლედ, რაღა გავაგრძელო და, ვიყიდე ეს წიგნი. კი შემპირდა ჯული (ეს მან იყიდა პირველად. მერე ისე საინტერესოდ მომიყვა, მიუხედავად იმისა,ამბავი ნაცნობი იყო, წაკითხვა მომანდომა.) აუცილებლად მათხოვებდა, მაგრამ მე ჩემი კარადის ტყვე მერჩივნა . მოკლედ, ვიყიდე. პირველი 50 გვერდი ზუგდიდი-თბილისის მიკროავტობუსში წავიკითხე . მივხვდი, ვერც ეს წიგნი შეძლებდა ჩემში ბუღაძე მწერალზე შთაბეჭდილების შეცვლას.
ამბავი ბანალურია. ლაშამ, ჯერ კიდევ ახალბედა მწერალმა, დაწერა მოთხრობა,,პირველი რუსი" -ეგ ყველას გვახსოვს. ზოგმა წავიკითხეთ, მეც მათ შორის და საერთოდ არ მომეწონა როგორც მოთხრობა ზემოთხსენებული მანერის გამო. ზოგს არ წაუკითხავს, მაგრამ აღტკინებული სასულიერო ზომბიპირებისა და ზომბიმრევლის გადარევას ენდო და ჰგმო და ჰგმო. პირადად, მეორეჯერ (მესამეჯერაც) ამ დაგმობის გამო წავიკითხე. ,,რა გამომეპარას" ძებნაში.
ეს ამბებია აღწერილი. მწერლის შიშები. ზომბიმრევლის რეაქცია, ვიზიტი საპატრიარქოში ერთხელ, ორჯერ,სამჯერ.. ვარდების რევოლუცია... აღწერილია დოკუმენტურად, სარკასტულადაც. უყვარს ბუღაძეს სარკაზმი და მე თუ რამე მომწონს მის მოთხრობებში, ალბათ, მოვლენების ასე ხედვაა. ყველაფერი ნაცნობია, სიტუაცია, პერსონაჟები,სახელები და სახეები. ედუარდ შევარდნაძე, სააკაშვილი და პატრიარქი რომ ის ედუარდ შევარდნაძე, სააკაშვილი და პატრიარქია, ჩვენ რომ ვიცით, ამაში ეჭვია არ გვეპარება. საპატრიარქოს მდივანი ხათუნა რომ იმავე საპატრიარქოს რეალური შორენაა, ედოს მხარდამჭერ გადაცემაში მოწვეული ბიოგრაფიის გამო ხისფეხგამოწეული კინორეჟისორი, რომელიც წამოჭარხალებული ყვირის,,ჭკუა არ გაქვთ თავში, რას ანგრევთ არ იცით! ვის თამაშს თამაშობთ? შევარდნაძე კბილებით აკავებს მშვიდობას, ეს არ გესმით თქვენ, იმიტომ, რომ ლაწირაკები და სულელები ხართ! და კიდევ ქვეყნის გამანადგურებლები! ქვეყნის მოღალატეები!" ---- გიგა ლორთქიფანიძეა, სპეციალურად ხმისტემბრდაყენებული, სქელგრიმწასმული გადაცემის წამყვანი, რეჟიმისდამცველი კოკი რომ კოკა ყანდიაშვილია, არც ამაში გვეპარება ეჭვი. მოკლედ, ყველანი აქ არიან -გაგა-გიგი. კოკი-კოკა, ხათუნა-შორენა, ყველა ვინც გვგონია წარსულში დავტოვეთ, სინამდვილეში ახლაც ცდილობს მართოს ჩვენი სურვილები, ჩვენი ყოფა, ჩვენი ცხოვრება. ბელადმოცვლილი ქვეყანა რომ ზეიმობს და ზეიმისას კითხულობენ ,,ბელადი სადაა?" , ბელადომანიის ქვეყანა რომ ვართ, პატარა ქვეყანა რომ ვართ, დიდი ამბიციებით და პატარა შესაძლებლობებით, თუ გაინტერესებთ , რა როგორ იყო , ან თუ გინდათ შეიხსენოთ წარსული, წაიკითხეთ.
0 коммент.:
Отправить комментарий