მე და წიგნი ერთად დავიბადეთ. ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს დღე წიგნის გარეშე, პატარა რომ ვიყავ დედა მიკითხავდა, მიყვებოდა და ეს გრძელდებოდა დაუსრულებლად. ბაღში არ მივლია (არაა ჩვენს სოფელში ბაღი). სკოლაში შევედი და კლას-კომპლექტში მომიწია სწავლა. ბევრი უარყოფითის მიუხედავად, ამ შერწყმულ კლასს დადებითიც აღმოაჩნდა, ვიდრე ანბანზე გადავიდოდით, მე კითხვა ვისწავლე. ვისწავლე დამოუკიდებლად, სხვაზე დაკვირვებით. და მასწავლებელმა ,,აი ია" რომ ახსნა მე ,,რეჰანი" წავუკითხე. ახლა მეცინება მაშინდელ დამოკიდებულებაზე, შეძულდებაო სწავლა, მოწყინდებაო და ათასი სისულელე. ამ დღიდან დ
აიწყო ჩემი მეგობრობა წიგნთან. პირველად ,,მუჭანახევარა" წავიკითხე. შემდეგ კი.. ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ხელში მოვიგდებდი, ვკითხულობდი 24 საათის განმავლობაში, ღამე ნორმალურად არ მეძინა, მეშინოდა შეწყვეტილი წიგნი არ დასრულებულიყო, თითოეული წაკითხული ნაწარმოები იყო ჩემი ცხოვრება. მე ვკვდებოდი პერსონაჟებთან ერთად, ვეძებდი ფათერაკებს, მიხაროდა და მწყინდა. ჩავიკეტე, გადავსახლდი წიგნში. და დამიშალეს, ამიკრძალეს.. არ ავიკრძალე. მთვარის შუქზეც წამიკითხავს, საბანში ჩამალულს მოპარული შუქის სხივზეც, გაკვეთილების ნაცვლადაც მხატვრული ლიტერატურით დავინტერესებულვარ. მქონდა პერიოდი, როცა დასასრული მაინტერესებდა ძალიან და მომაბეზრებელ აღწერებს ვტოვებდი, გადახტომით ვკითხულობდი ხოლმე, ზოგჯერ კი ვიზოგავდი და ძალიან ნელა, აბზაც-აბზაც ვკითხულობდი. მახსოვს მეშვიდე კლასში ვიყავ მარკ ტვენის ,,იუმორისტული მოთხრობები" ავიღე წასაკითხად. დედამ მითხრა: ეგ დიდების წიგნია, შენ ვერ გაიგებ, ჯერ პატარა ხარო, მანდ სადიდო ამბები წერიაო. დავუჯერე. თურმე სულ ტყუილად.
Tags:
0 коммент.:
Отправить комментарий